ამბავი პირველი: შვეიცარიელი გვარდიელი შოკოლადის კვერცხში

90-იანი წლების დასაწყისში, Kinder-ის შოკოლადის კვერცხებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე დაიპყრო და ცისფერი ჰიპოპოტამების შეგროვება პოპულარობით მექსიკურ სერიალებს გაუტოლდა. მათ მიმართ გულგრილი არც მე დავრჩენილვარ, თუმცა, ერთხელ ისეთი ამბავი მოხდა, რამაც ბეჰემოთებისადმი ჩემი სიყვარული საგრძნობლად შეანელა. ჩემი დეიდაშვილისგან, ჩემი ასაკის გოგოსგან, გავიგე ცინცხალი ამბავი, რომ ქინდერში, ნანატრი ჰიპოს ნაცვლად, „რაღაც რკინის ძეგლი“ ამოუვიდა. მგონი, მაშინვე ვიეჭვე რომ „ეს ინდა იყოს ის“ და სასწრაფო წესით მოყვრებთან ჩავედი (ბედად ერთ უბანში ვცხოვრობდით).  მართლაც, „ძეგლად“ წოდებული ფიგურა, 4 სმ. სიმაღლის, მეარბალეტე შვეიცარიელის ჯარისკაცი აღმოჩნდა. თანაც დეტალიზაციის და ისტორიულობის ისეთი მაღალი დონით, როგორიც მანამდე არასდროს მენახა. იმ წამიდან ყველა ჩემი ჯარისკაცი (იმ დროისთვის, ჩემი კოლექცია 40, ძირითად საბჭოთა წარმოების პლასტმასის ჯარისკაცს ითვლიდა) უღიმღამო და უინტერესო მეჩვენა. ჩემს ადრე მოზარდულ ცხოვრებაში გატაცების ახალი საგანი გაჩნდა. რას წარმოვიდგენდი, მაშინ, რომ ქინდერის 40 მმ-იანი ჯარისკაცები წლებს გაუძლებდა და მთელ მსოფლიოში ათასობით კოლექციონერისთვის საკულტო სტატუსს შეიძენდა.



To Be Continued.. 

Comments