თომა და ამბროსი ჯიქიები - ტფილისური ოქრომჭედლობის დიდოსტატები

ჭინჭილები, თომა ჯიქია, 1949 წ. (აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმი, მოსკოვი)

თომა ანდროს ძე ჯიქია დაიბადა 1888 წელს სოფ. ონოღიაში (მარტვილის მუნიციპალიტეტი). ათი წლის ასაკში თომა თბილისში ჩამოვიდა და ცნობილი ოქრომჭედლის არჩილ ასათიანის ახელოსნოში მოეწყო შეგირდად. სწავლის დამთავრების შემდეგ, მან თბილისშივე, ვერცხლის ქუჩაზე გახსნა საკუთარი სახელოსნო. თომამ გაუწია მეურვეობა  თავის უმცროს ძმასაც ამბროსს, 1902 წელს ისიც ჩამოვიდა ქალაქში და სწავლა დაიწყო  თბილისის სამოქალაქო პირველდაწყებით სკოლაში. კოლის დამთავრების შემდეგ ამბროსი  ოქრომჭედლობას დაეუფლა უფროსი ძმის სახელოსნოში

                                                            ტფილისელი ოქრომჭედლები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტო.

თომა და ამბროსი ჯიქიები იყენებდნენ თბილისელი ოსტატებისთვის დამახასიათებელ ვერცხლის ჩამოსხმის, ფორმირების, მოსევადებისა და გრეხილის (გრეხილურის) ტექნიკას. თავდაპირველად მათი ხელით ძირითადად იქმნებოდა  ტრადიციული ნაკეთობები, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში კარგი გასავალი ჰქონდა მოსახლეობაში: ხანჯლისა და ქამრის შემკულობა, ქართული სუფრის ჭურჭელი: კულები, ჭინჭილები, ხრიკები, აზარფეშები, ყანწები და ა.შ. თუმცა ძმების მოღვაწეობა გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს დაემთხვა. XX საუკუნის დასაწყისიდან ხალხური რეწვის ოსტატების მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა. ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, ადამიანთა გონებას ყველაზე მეტად ხიბლავდა ტექნოლოგიური პროგრესი და ქარხნების შეწყობილი გუგუნი. გარდა იმისა, რომ ხალხური რეწვის ოტატები ფაბრიკულ ნაწარმს კონკურენციას ვერ უწევდნენ, წარმოების ტრადიციული ფორმები, ხშირ შემთხვევაში, გადმონაშთად და პროგრესის შემაფერხებელ საქმიანობად აღიქმებოდა. ამას დაემთხვა პირველი მსოფლიო ომი, საბჭოთა რევოლუცია, საქართველოს გასაბჭოება, ეკლესიის ნგრევა, რეპრესიები, ქართული ტრადიციული სამოსისა და მისი ელემენტების ყოფიდან გაქრობა, ბოლშევიკების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება იარაღის კუსტარული წარმოებისადმი და საყოველთაო ეკონომიკური სიდუხჭირე. ყოველივე ამის გამო XX ს-ის პირველ მესამედში  ქართული ტრადიციული ოქრომჭედლობა გაქრობის პირას აღმოჩნდა.

საბჭოთა სააგიტაციო პლაკატი "შევასრულოთ ხუთწლიანი გეგმა ოთხ წელიწადში" 1929 წ. (მხ. კ. კულეშოვი)

 მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა 1930-იანი წლებიდან. ამ დროს, საკავშირო და რესპუბლიკური მასშტაბით, გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც ხალხური რეწვის დარგების აღორძინებას ისახავდა მიზნად. 1936 წელს თბილისში შექმნა ხალხური შემოქმედების სახლი (Дом народного творчества), რომლის მიზანიც იყო ხალხური რეწვის შესწავლა და აღორძინება. 1938 წელს შემოქმედების სახლთან დაარსდა „ექსპერიმენტული სამხატვრო სახელოსნოებიც“, რომელიც შემდეგ „ქართული ხალხური ხელოვნების სასწავლო კომბინატად“ გადაკეთდა. მათი მიზანი იყო ხალხურ რეწვის ცოცხალი ტრადიციის შენარჩუნება და ახალი თაობებისთვის გადაცემა. სახელოსნოებში მოიწვიეს გამოცდილი ოსტატები, მათ შორის თომა და ამბროსი ჯიქიები. [გაბუნია 58-59]. ამ პერიოდიდან ძმებს ისევ მიეცათ საშუალება ტრადიციული ნივთების დამზადებას დაბრუნებოდნენ. მათ ნამუშევრებში ისევ ჩნდება ტრადიციული ქართული ჭურჭელი და იარაღი. 

სწორედ ამ პერიოდში, თომა ჯიქიას მიერ, უნდა იყოს დამზადებული ქართული ხანჯალი ტრადიციული თბილისური შემკობით, რომელიც 1937 წლის პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე გაიგზავნა. ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში (Exposition Internationale des Arts et Techniques dans la Vie Moderne) 40-დე სახელმწიფომ მიიღო მნაწილეობა. გამოფენუნდა წარედგინა ახალი მიღწევები ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სფეროში. მონაწილე ქვეყნები ძირითადად სხვადასხვა პროდუქციის ჩვენებით შემოიფარგლნენ, თუმცა საბჭოთა კავშირმა, გერმანიამ და იტალიამ გამოფენა ბოლშევიზმისა და ნაციზმის პროპაგანდის ასპარეზად აქციეს. ასე, საბჭოთა კავშირის პავილიონის მოწყობას უშუალოდ სტალინი აკონტროლებდა. სპეციალურად საექსპოზიციო დარბაზისთვის დამზადდა 24 მ-ის სიმაღლის "მუშისა და კოლმეურნე ქალის" ქანდაკება  რომელიც მომავალში საბჭოთა ხელოვნების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა  (ავტორი ვ. მუხინა). საბჭოთა პავილიონის პირდაპირ აღმართული იყო კიდევ უფრო მაღალი გერმანიის პავილიონი, რომელსაც ლათინური ციფრი III-ის მოხაზულობა ჰქონდა და სიმბოლურად მესამე რაიხს განასახიერებდა. ღსანიშნავია, რომ პაბლო პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „გერნიკა“-აც სწორედ პარიზის ამ გამოფენისთვის შეიქმნა. ადვილი წარმოსადგენია, რამხელა პასუხისმგებლობას გრძნობდნენ თომა ჯიქია, როდესაც თავი ნამუშევარს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე აგზავნიდა.

პარიზის საერთაშორისო გამოფენა, 1937 წ. მარჯვნივ საბჭოთა კავშირის პავილიონი, მარცხნივ − გერმანიის.

გერნიკა (ესპ. Guernica) პაბლო პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი, რომელიც  პარიზის 1937 წ. გამოფენისთვის შეიქმნა. 

 მხატვრულ კომბინატში მუშაობის წლები ყველაზე ნაყოფიერი იყო ძმები ჯიქიებისთვის. ამ პერიოდში თომა ჯიქია ხშირად თანამშრობლობდა ლითონის მხატვრული დამუშავების სხვა ლეგენდარულ ოსტატთან გიორგი ხანდამაშვილთან. გიორგი ქმნიდა ჭედურ ნაკეთობას, თომა კი გრეხილით ამკობდა. სამხატვრო კომბინატში ოსტატებმა აღზარდეს არაერთი ნიჭიერი ხელოვანი (გ. ლეკაშვილ, ი. ბუჩუკურ, გ. ანდრიაშვილ, რ. ზუბიაშვილი, ტ. ციხისელი და ა.შ.), სამწუხაროდ 12 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ, 1950 წელს მხატვრული კომბინატი დაიხურა. ტრადიციულ ქართულ ოქრომჭედლობას ისევ უსისტემო და ქაოტური ხასიათი მიეცა. ოსტატების ნაწილი თბილისის საიუველირო ფაბრიკაში გადავიდა სამუშაოდ, ნაწილმაც კერძო სახელოსნოების გახსნა ან არტელებში გაერთიანება ამჯობინა. ასეთ პირობებში ტრადიციული, უნიკალური ნივთების დამზადება ნაკლებად მოსალოდნელი იყო, ძირითადი საქმიანობად იქცა ევროპული ტიპის სამკაულების დამზადება ან შეკეთება, ხელობა და არა ხელოვნება. 


კულა, თომა და ამბროსი ჯიქიები (რ. ყენიას მიხედვით)

მათარა (ქამრის) შოთა რუსთველის პორტრეტით, თომა ჯიქია (რ. ყენიას მიხედვით) 

თომა ჯიქიას ამის შემდეგ მუშაობა თითქმის აღარ გაუგრძელებია, იგი 1951 თუ 1953 წელს გარდაიცვალა. ამბროსი ჯიქია ერთხანს კიდევ მუშაობდა ყანწების შემკობაზე არტელ „მხატვარში“ (იგივე “საქმრეწვმხატვარში”). 1957 წელს ამბროსიც მიაბარეს მიწას. 

ყანწები ვერცხლის შემკულობით, ამბროსი ჯიქია (რ. ყენიას მიხედვით) 

Comments

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete

Post a Comment