"ხალხური მხატვრული რეწვისა და სუვენირების საწარმოო გაერთიანება "სოლანი" დაარსდა 1969 წელს. გაერთიანების ძირითადი მიზანი იყო ხალხური რეწვის დარგების აღორძინება და მხარდაჭერა. სახელწოდება მომდინარეობს სვანური წარმართული ღვთაების სახელისგან, რომელიც შინამრეწველობის მფარველად ითვლებოდა. "სოლანის" დაარსების ინიციატივა, ზოგიერთი ცნობით, ეკუთვნის ცნობილ ქართველ მხატვარს ემირ ბურჯანაძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული შრიფტების, საფირმო სასაქონლო ნიშნებისა და სიმბოლური ემბლემების შექმნაში. "სოლანის" ორიგინალური ემბლემაც მას ეკუთვნის. როგორც ჩანს, ემბლემას საფუძვლად დაედო XII-XIII სს-ის ქართული ხელნაწერის მინიატურა.
დასაკეცი სამგზავრო ჩანთა შალითაში „სოლანის“ ემბლემით (კერძო კოლექცია, საქართველო). |
ემირ ბურჯანაძე
(1937-2014 წწ.) ქართველი მხატვარი, "სოლანის" ლოგოს ავტორი. |
"სოლანი", ძირითად, თანამშრომლობდა შინამრეწველებთან, ესენი იყვნენ თექის, ფარდაგის, კერამიკის, ხის დამუშავების, ჭედურობის, ტრადიციული იარაღისა და ოქრომჭედლობის დარგში მომუშავე ოსტატები. საწარმოო გაერთიანებასთან არსებობდა სამხატვრო საბჭო, რომელიც ოსტატებს რეკომენდაციებს აძლევდა და მათ პროდუქციას განიხილავდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის გადმოცემით, სამხატვრო საბჭო იკრიბებოდა ყოველკვირეულად, საუკეთესო ნამუშევრებს არჩევდნენ საზღვარგარეთ გამოფენებზე წარსადგენად და სამთავრობო საჩუქრებისთვის. "სოლანის" სამხატვრო საბჭო აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზემთან, ხელოვნების მუზეუმთან, სამხატვრო აკადემიასთან. ორგანიზაციაში სტაჟირებას გადიოდნენ სამხატვრო აკადემიის მომავალი სტუდენტები.
"სოლანში" დასაქმებული იყო ასობით ოსტატი საქართველოს ყველა რეგიონიდან. 1992 წლის მონაცემებით ორგანიზაცია 902 წევრს ითვლიდა. ორგანიზაციამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ხალხური რეწვის დარგების დაცვასა და განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორგანიზაციის წვლილი ტრადიციული თუშური თექისა და ფარდაგის აღორძინების სფეროში. ნამუშევრების რეალიზაციისთან ერთად, თუში ოსტატი ქალბატონები, "სოლანისგან" მცირე ხელფასსაც ღებულობდნენ, რაც ასევე ხელს უწყობდა დარგის წახალისებას.
პროდუქციის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია "სოლანის" საფირმო მაღაზია-სალონებში ხდებოდა. შენამრეწველების პროდუქციასთან ერთად მაღაზიაში იყიდებოდა მცხეთის კერამიკულ კომბინატში დამზადებული კერამიკა, ასევე ახმეტის სამრეწველო კომბინატში დამზადებული თუშური თექა. ყველაზე დიდი, ცენტრალური მაღაზია-სალონი მდებარეობდა თბილისში, ვაკის პარკის პირდაპირ, ილია ჭავჭავაძის გამზირის 41 ნომერში.
კერამიკული პროდუქცია "სოლანის" მაღაზია-სალონში (1991 წ) |
"სოლანის" საფირმო თოჯინა
ქართულ ნაციონალურ სამოსში (კერძო კოლექცია, რუსეთი) |
წარწერები სადგამის ძირზე (СОЛАНИ ГССР 384-82 Ц.10 Р) (ავტორის კოლექცია). |
Comments
Post a Comment